ვოლსკი: როგორც ჩანს ზურაბიშვილი აპირებდა სააკაშვილის შეწყალებას

ოპოზიცია იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიული გეგმა ჰქონდათ, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე გეგმავდა საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მან პასუხი „ერთხელ და სამუდამოდ“ უკვე გასცა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ფიგურას არჩევნების წინ ამომრჩევლის დასაშინებლად იყენებს.
„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ოპოზიცია იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიული გეგმა ჰქონდათ. ვინაიდან ექს-პრეზიდენტის საქმეებში სამართლებრივად სადავო არაფერია, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
„მას აქვს სასჯელი, რომელიც შთანთქავს სხვა უფრო მცირე სასჯელებს. მცირეს, თავისი პატიმრობის ვადიდან გამომდინარე, ასე რომ არაფერზე უნდა ჰქონოდათ პრეტენზია", - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ზურაბიშვილმა თანამდებობა დღემდე მხოლოდ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წყალობით შეინარჩუნა - პრეზიდენტის იმპიჩმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დაუჭირა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგი დატოვა იმისთვის, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიან და ამისთვის მომწიფდება ვითარება, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცეს შეწყალების აქტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუ ზურაბიშვილმა 2023 წლის ივნისში ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა, არც მიხეილ სააკაშვილის შეწყალება გაუჭირდება.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ნაბიჯი ქვეყნის დეპოლარიზაციას ემსახურება, პოლარიზაცია, პირიქით, გაძლიერდა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
ჯერ კიდევ 2022 წელს ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არა და არასდროს“ შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.