შვეიცარიულმა კომპანიამ 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა

ინფორმაცია, რომ თითქოსდა სტიქია ორი საათით ადრე დაიწყო და რომ შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება, დაფუძნებულია ვარაუდებზე და არა კვლევების შედეგებზე.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შვეიცარიულმა კონსალტინგურმა კომპანია Geotest AG-მა საფრთხეების გამოსავლენად საქართველოში 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია GEOTEST AG-თან ხელშეკრულება გააფორმა ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში გლაციალური (მყინვარიდან მომდინარე საფრთხეები) შეფასების ჩასატარებლად.
„შვეიცარიულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ჩვენს მყინვარებზე არსებული საფრთხეების შეფასებას, სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. შედეგები ჩვენს სპეციალისტებთან ერთად იქნა განხილული. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად მოხდება ყველა იმ საფრთხის იდენტიფიცირება, რომელიც დღეს ჩვენს მყინვარებზე არის დაფიქსირებული", - განაცხადა სააგენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც შოვის ტრაგედიის წლისთვთან დაკავშირებით ამ დღეებში მედიაში გავრცელდა, რომ თითქოსდა სტიქია ორი საათით ადრე დაიწყო და რომ შესაძლებელი იყო ტრაგედიის თავიდან აცილება, დაფუძნებულია ვარაუდებზე და არა კვლევების შედეგებზე.
„მყინვარების სრულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოვის ტრაგედიის შესწავლა. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის მომზადებაში. სწორედ ამიტომ, პროცესში ჩავრთეთ შვეიცარიელი ექსპერტები. მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდა ყველა პროცესის იდენტიფიცირება, გათვლა და გაანგარიშება, რასაც ეფუძნება სააგენტოს დასკვნა", - განაცხადა გედევანიშვილმა.
მისი თქმით, ვარაუდები, რომელთა შესახებაც მედია წერს, შეიძლება შეფასდეს როგორც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
კომპანია GEOTEST AG-ის ექსპერტ დანიელ ტობლერის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე შესწავლილი იქნება ყველა არსებული თუ შესაძლო მეწყრული პროცესი, ღვარცოფული ნატანის შესწავლა-დახასიათება და ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რაც მომდევნო 2 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია შევამციროთ რეალური რისკი, რომელიც გვაქვს დასახლებებში, რომ ვიცოდეთ კრიტიკული ადგილები და შემდეგ გადავიდეთ ამ ცხელი წერტილების მონიტორინგზე. ჩვენ ამას ბოლოს განვსაზღვრავთ. შოვი არის მაგალითი, რომელსაც ვიყენებთ, რადგან ეს იყო რეალური მოვლენა. და შოვის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სიმულაციური სცენარი და ვიმუშაოთ ცხელი წერტილების შეფასების მიმართულებით“, - აღნიშნა ტობლერმა.
ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მყინვარული ხეობების ვერტმფრენიდან ვიზუალური დათვალიერება და შეფასება, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხდება სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
GEOTEST AG ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და საპრევენციო რეკომენდაციების გაცემის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარ ბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.