საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: 7 აგვისტოს გამოსვლების განრიგი

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხშაბათს, 7 აგვისტოს სამი ქართველი სპორტსმენი სპორტის ორ სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადის მე-13 დღეს სპორტის 11 სახეობაში მედლების 23 კომპლექტი გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე მერვედფინალში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 13:28 საათზე დაიწყება.
ზოიძისთვის ეს მეორე გამოსვლა იქნება ოლიმპიადაზე - ტოკიოში მან მეხუთე ადგილი დაიკავა.
87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ლაშა გობაძე მერვედფინალში ალჟირელ ბაშირ სიდ აზარას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 13:49 საათზე დაიწყება.
გობაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.
საფინალო შეხვედრები ხუთშაბათს, 8 აგვისტოს გაიმართება.
ძალოსნობა
61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე პირველი ქართველი ძალოსანი იქნება, რომელიც ოლიმპიურ ფიცარნაგზე დღეს საკუთარ ძალებს მოსინჯავს.
მიშველიძე 2018 და 2023 წლების ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2017, 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია.