მეწყრულ ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები სახლებს საფრთხეს არ უქმნის: გარემოს ეროვნული სააგენტო

გუშინ, სოციალურ ქსელში ორი მშენებარე ობიექტის ფოტოები გამოქვეყნდა. მომხმარებლებმა მუნიციპალურ ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისა და დეველოპერების შემოწმებისკენ მოუწოდეს.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მეწყრულ ფერდობზე განვითარებული პროცესები მიმდებარე სახლებისთვის და ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და მხოლოდ ლოკალურ ხასიათის ატარებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
თბილისის მერიამ ბროწეულისა და რაზმაძის ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები ნაპრალის გაჩენისა და ფერდობის ჩამონგრევის გამო შეაჩერა. მშენებლებს დამატებითი კვლევების ჩატარება დაევალათ. ერთ-ერთმა მათგანმა დამატებით ასევე 30 ათასი ლარის ჯარიმა გადაიხადა. გუშინ, სოციალურ ქსელში ორი მშენებარე ობიექტის ფოტოები გამოქვეყნდა. მომხმარებლებმა მუნიციპალურ ხელისუფლებას რეაგირებისა და დეველოპერების შემოწმებისკენ მოუწოდეს.
„სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია..რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ“, -ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშულია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში, კერძოდ ბროწეულის ქუჩის №5-ის ტერიტორიაზე სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.
„სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც მანამდე თბილისის მერიაში განაცხადეს, კვლევის საბოლოო შედეგები შესაბამისი ფორმით მუნიციპალურ ინსპექციას უახლოეს დღეებში წარედგინება.
ვაშლიჯვარში სამშენებლო სამუშაოებს შპს „გელოვანი დეველოპმენტი" ახორციელებს. პროექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვაკის რაიონში მდებარე მეორე ობიექტს, სადაც მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ფერდობის ჩამონგრევის გამო შეაჩერა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.