თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი აღარავის აინტერესებს არც უცხოეთში და არც საქართველოში, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიციას მისი შეწყალების საკითხის გამოყენება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროცესების დამატებითი რადიკალიზაციისთვის სურდა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიული გეგმა ჰქონდათ. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილი არჩევნებიდან რამდენიმე დღეში უნდა შეეწყალებინა, რათა ოპოზიციის დამარცხების შემდეგ ქვეყანაში ვითარება გამწვავებულიყო.
„სააკაშვილის ფაქტორი უკვე არ აინტერესებს არავის - არც უცხოეთში და არც საქართველოში. თუმცა, გეგმა B-სთვის ყოველთვის ჰყავთ შემონახული როგორც ოქროს მოწმე. გამომდინარე აქედან, არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდგომ, ან ზუსტად იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით შეიძლებოდა, რომ რადიკალური პროცესების მცდელობას, რომელსაც არ მალავენ რომ ემზადებიან, ზედ დამატებოდა სააკაშვილის შეწყალება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს უწოდებენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც ცდილობს სიტუაციის შერყევას და რევოლუციის მოწყობას საქართველოში, და, ძალაუფლების ცვლილებების შემთხვევაში, ქვეყნის ჩათრევას ომში. მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერით სარგებლობს, ოპოზიციას კი 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველამ კარგად იცის თუ „რა იხარშება" ზურაბიშვილის თავში. მას არავინ არაფერს არ ეკითხება და ზურაბიშვილისადმი სააკაშვილის წერილიც ზუსტად ამის დასტურია.
„სააკაშვილს ხომ ახასიათებს, რომ ბუნებრივად აჟღერებს ხოლმე იმ საიდუმლოებებს, რა გარიგებებიც აქვს დადებული. ეს მოხდა ზუსტად, რატომ გადამაგდეო ეუბნება ზურაბიშვილს, როცა შეწყალებაზე ვიყავით შეთანხმებულიო. რატომ არ თქვი და არ გააპროტესტე ეს აღკვეთი ღონისძიებაო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სააკაშვილის შეწყალების შანსები ნულის ტოლი მას შემდეგ გახდა, რაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საქმის მოსამართლის ცვლილების გამო (ნინო ჩახნაშვილი მიხეილ ჯინჯოლიამ შეცვალა) მისი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელახლა მოხდება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მან პასუხი „ერთხელ და სამუდამოდ“ უკვე გასცა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ფიგურას არჩევნების წინ ამომრჩევლის დასაშინებლად იყენებს.
თავის მხრივ, სააკაშვილმა სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილი ზურაბიშვილი არასოდეს აპროტესტებდა მის უკანონო პატიმრობას.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.