თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ თავისი ტოლი უნდა მოძებნოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ივანიშვილთან დებატები გამართოს. „მე არაფერი მაინტერესებს, ვუყურებ ფაქტებს და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ ის ვალდებულია საზოგადოების წინაშე განმარტოს გარკვეული პოზიციები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს. ამაზე პასუხის გაცემა არასერიოზულად მიმაჩნია. თუ მას დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან და ედებატონ რამდენიც უნდათ ერთმანეთს", - განაცხადა კირცხალიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
ქარტიას ხელი 17 პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა - დოკუმენტზე ექს-პრემიერ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „გირჩის“ ხელწერა არ არის.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.