პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ძიუდო, ჭიდაობა, ბატუტზე ხტომა, სპორტული ტანვარჯიში და მხატვრული ტანვარჯიში, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივე ლაშა გურულმა მოიპოვა.

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ვლადიმერ ნუცუბიძისთვის (ძიუდო), მსაჯებისთვის რუსუდან ხოფერიასა (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძისთვის (სპორტული ტანვარჯიში) პარიზის ოლიმპიადა ზედიზედ მესამეა მათ კარიერაში. მსაჯ ელისო ბედოშვილისთვის (მხატვრული ტანვარჯიში) კი წლევანდელი ოლიმპიადა რიგით მეორეა.

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ ზაზა ჯიბლაძე იქნება მესამე არბიტრი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა შეხვედრებზე იმსაჯებს.
გარდა ამისა, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი. ის ერთადერთი ქართველი დიქტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გაუძღვა.
პარიზის ოლიმპიადის დასრულებამდე საქართველოდან ათი სპორტსმენი აგრძელებს ბრძოლას მედლებისთვის - შვიდი მოჭიდავე და სამი ძალოსანი.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.