ზეწოლის მექანიზმი და არა უანგარო მხარდაჭერა - პაპუაშვილი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ამასთან, ქვეყანა, უცხოური გრანტების გარეშე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ლიდერია.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან უანგარო მხარდაჭერად მიიჩნევდა იმას, რაც ზეწოლის მექანიზი აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე გამოაცხადა, საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას უჩერებს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თბილისის „ანტიდემოკრატიული და ტყუილის შემცველი განცხადებები“ არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ვხედავთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტია. ის, რაც ჩვენ უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
და იმ მომენტში, როცა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებსა და მიმართულებებში რაღაც არ მოეწონათ, ეს ინსტრუმენტი ზეწოლის მექანიზმად გამოიყენეს, აღნიშნა მან.
„მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს", - განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ამასთან, ქვეყანა, უცხოური გრანტების გარეშე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ლიდერია.
„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ბიზნესი და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ვიყოთ ლიდერები ეკონომიკური ზრდის კუთხით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს 29 მლრდ-იანი ბიუჯეტი, რომლის ნახევარი პროცენტიც კი არ არის უცხოური გრანტები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა აშშ-ის ხელისუფლება აპირებს თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დაფინანსების შეჩერებას.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 8 მლრდ ლარამდეა, ამიტომაც ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებისა და მისი დახურვის თემა გარკვეულწილად აჟიოტაჟისთვის წამოწიეს.
„ავიღოთ თუნდაც საუბარი ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 8 მლრდ ლარამდე აქვს, 2 მილიონზე საუბარი და ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ მეორე დღეს რაღაც ინფორმაციის წამოწევა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მღელვარება იყოს, ვფიქრობ, სწორი მიდგომა არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ფინანსური დახმარების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
სამშაბათს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-ის მხრიდან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდება.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მან ამ დრომდე ვერ მოახერხა გაერკვია, თუ რომელ 95 მლნ დოლარზეა საუბარი.
„ეს არ არის საბიუჯეტო სახსრები, პრობლემა იმაშია, თუ რამდენს ხარჯავს ბიუჯეტის გარეთ სხვადასხვა ამერიკული პროგრამა. გაუმჭვირვალობა სწორედ ეს არის. საუბარია 95 მილიონზე, რომელზეც მთელი საქართველო ერთი კვირაა მარჩიელობს და ჩვენ არ ვიცით, რაზე ვსაუბრობთ. რამდენადაც ვნახე, მათ შორის აშშ-ის საელჩოსაც არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ეს თუ არ არის გაუმჭვირვალობა, მაშ რაღაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეზონანსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს.
„ის გრანტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ბიუჯეტში, ყველა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის გამჭვირვალე. იმ თანხებს კი რასაც უცხოელები ხარჯავენ ბიუჯეტს მიღმა, ჩვენ უკვე ისეც ვხედავთ სხვადასხვა ფესტივალების საშუალებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
3 აგვისტოს არასამთავროო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), თელავში „დემოკრატიის ფესტივალი" ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო - ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და „ახალის" ლიდერებმა.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.