თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და ღიად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატები გამართოს. „მე არაფერი მაინტერესებს, ვუყურებ ფაქტებს და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ ის ვალდებულია საზოგადოების წინაშე განმარტოს გარკვეული პოზიციები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის. ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ იგი, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირის მხრიდან ნებისმიერ წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში მონაწილეობა კონსტიტუციის დარღვევაა, დასძინა მან.
„ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ამ თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს სახელმწიფოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილმა დღემდე თანამდებობა მხოლოდ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წყალობით შეინარჩუნა.
„მიხეილ სააკაშვილის წყალობით ეს იმპიჩმენტი არ შედგა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე ამ თანამდებობაზე. დეპოლარიზაციას მისი მხრიდან ნაკლებად ვხედავ, იგი უფრო მეტად და უფრო გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის პოლიტიკოსების როლი, რომლებიც თავის დროზე გმობდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და თვლიდნენ, რომ ეს გაზრდიდა დეპოლარიზაციას ქვეყანაში.
„ვნახეთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატის ჩარევამ დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.