სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათსა და სასმელ წყალში დარღვევები გამოავლინა

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაიგზავნა სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წლის მეორე კვარტალში ლაბორატორიაში შესამოწმებლად გაგზავნილ სურსათისა და სასმელი წყლის ნიმუშების 10%-ში დარღვევები გამოავლინეს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშია აღებული, დარღვევა 168 ნიმუშში გამოვლინდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში. რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.
„გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
საკვები პროდუქტების კვლევების შედეგად დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე. ამასთან, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.
მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3 ათასი ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე იგეგმება 6 ათასზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება. მეორე კვარტლის შედეგების ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე.
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.
2023 წელს ჩატარდა 32 ათასი შემოწმება და აღებული იქნა 5,5 ათასზე მეტი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევების რაოდენობამ 12% შეადგინა.