ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ტაქსის მძღოლი დააკავეს

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. აჭარის პოლიციამ ქობულეთის ცენტრში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 50 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, ქობულეთის ცენტრში საქალაქო მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლმა ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.