მერია: მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 6 აგვისტოს 10:00 საათამდე იმოქმედებს
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის.
უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისკენ, საიდანაც კვლავ გელოვანის გამზირზე გადავა და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.
რაც შეეხება N327 და N389 ავტობუსებს, რომლებიც ვაშლიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებიან, მდინარე დიღმურას ხიდის ნაცვლად, გელოვანის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ და მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ ვასო გოძიაშვილის ქუჩისკენ და მგზავრებს არსებული სქემით მოემსახურებიან.