კვლევა: საქართველოში ახალგაზრდებისთვის ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ადგილების დეფიციტია

ახალგაზრდების საშუალო ხელფასი მათი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და მჭიდროდაა დაკავშირებული უმაღლესი განათლების საფეხურებისა და გამოცდილების ზრდასთან, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ადგილები არ არის საკმარისი და ისინი, ვინც მუშაობენ, საშუალოთვიურ ნომინალურ ხელფასზე თითქმის მესამედზე ნაკლებს იღებენ, ნათქვამია ახალგაზრდების დასაქმების შესახებ კვლევითი ცენტრ PMCG-ის კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2023 წელს დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ 9% მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რაც გაცილებით დაბალია (33%) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.
„ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ასეთი სიმცირე ბევრ ახალგაზრდას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს განათლებასა და სტაბილურ დასაქმებას შორის", - ნათქვამია კვლევაში.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გასულ წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7%-მა მოახერხა სწავლისა და სამუშაოს შეთავსება.
„მათგან, ვინც სწავლობდა, მხოლოდ 10%-ს ჰქონდა სამსახური, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდებს უჭირთ განათლების მიღების პარალელურად მუშაობა", - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება გამომუშავებულ ანაზღაურებას, 2020-2023 წლებში საქართველოში ახალგაზრდები საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ სხვა დასაქმებულებთან შედარებით.
როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, 2023 წელს ახალგაზრდების საშუალო ნომინალური ხელფასი 1.558 ლარს შეადგენდა, სხვა ასაკობრივი კატეგორიის დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 1.858 ლარს.
„2020-2023 წლებში ახალგაზრდები საშუალოდ 35%-ით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე 15+ ასაკის მოსახლეობა, რასაც, შესაძლოა, იწვევდეს ის, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, საწყის პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც ნაკლებანაზაურებადია", - ნათქვამია კვლევაში.
ახალგაზრდების საშუალო ხელფასი მათი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება და მჭიდროდაა დაკავშირებული უმაღლესი განათლების საფეხურებისა და გამოცდილების ზრდასთან, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.