ძიუდოში საქართველოს მეტი მედლის მოპოვება შეეძლო - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი

სპორტსმენი იმედოვნებს, რომ 11 აგვისტოსმდე ქვეყანა კიდევ არაერთი მედლის მოპოვებას შეძლებს.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული სამი მედალი დიდი წარმატებაა, თუმცა, შეიძლებოდა უფრო მეტი ჯილდოს მოპოვება, განაცხადა ძიუდოს ტურნირის ვერცხლის პრიზიორმა ტატო გრიგალაშვილმა.
ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში 4 აგვისტოს, გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათ საერთაშორისო აეროპორტში მადლიერი გულშემატკივრები დახვდნენ. ძიუდოისტებმა ეროვნულ ოლიმპიურ გუნდს სამი მედალი მოუტანეს. ოქრო - ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ორი ვერცხლი კი ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ.
„ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გვქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს", - განაცხადა გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან.
ძიუდოისტი იმედოვნებს, რომ 11 აგვისტომდე საქართველო თავისი ყულაბის შევსებას კიდევ არაერთი მედლით შეძლებს. „ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოქროს მედლებს“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.
ოლიმპიადის 10 დღის შედეგებით, საქართველოს ანგარიშზე ოთხი მედალია. ძიუდოისტების მიერ მოპოვებულ სამ მედალს გუშინ მოკრივე ლაშა გურულის ბრინჯაოს მედალიც დაემატა. ეს მედალი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან საქართველოს კრივის სახეობაში ოლიმპიური მედალი 2000 წლის შემდეგ არ მოუპოვებია, როცა სიდნეიში კვარცხლბეკზე ვლადიმერ ჭანტურია ავიდა.
ოლიმპიადის დასრულებამდე, 11 აგვისტოს, მედლებისთვის ბრძოლაში კიდევ ცხრა ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას - შვიდი მოჭიდავე და ორი ძალოსანი.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.