თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კვირას, 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი სპორტის ერთი სახეობაში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
კრივი
დღეს ოლიმპიური გულშემატკივრები, პარიზის დროით 19:06 საათზე, ლაშა გურულისა და ერისლანდი ალვარეს ბორხესის (კუბა) ბრძოლას იხილავენ - წონითი კატეგორია 63,5 კგ-მდე, 1/2 ფინალი.
ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 მოუგო. გურული ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
ლაშა გურული არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2021, 2023), ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2023), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2022), საერთაშორისო და ეროვნული სამოყვარულო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.