თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 მოუგო. გურული ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
ლაშა გურული არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2021, 2023), ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2023), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2022), საერთაშორისო და ეროვნული სამოყვარულო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.
ამ დროისთვის ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო, ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაოს მედალი.