მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა: ილია მეორე თენგიზ ცერცვაძეზე

საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ცნობილი იმუნილოგის ოჯახს მიუსამძიმრა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, თენგიზ ცერცვაძე, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილში.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში 1 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
„ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქ-ნ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბ-ნი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას”, -ნატქვამია პატრიარქის წერილში
„დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე... მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა", - ნათქვამია განცხადებაში.
თენგიზ ცერცვაძის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა, აღნიშნულია წერილში.
„სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით წამალზე მეტად მათ სულიერად ეხმარებოდა", - აღნიშნულია წერილში
ვინ იყო თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით ქვეყანამ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.
2009 წელს, მისი ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძოს სახელი მიენიჭება.
თენგიზ ცერცვაძე იყო ასევე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
იგი იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მას ასევე 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.