აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა

ვებგვერდ Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობდა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“, - განაცხადა ჯაჭვაძემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, სადიგოვი დააკავეს, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მუქარისა და გამოძალვისთვის 2024 წლიდან იძებნება.