თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც იზრუნოს.
დაზღვევის პოლისი ერთწლიანია და მოიცავს პირადი ექიმისა და მარტივად ხელმისაწვდომ სხვა სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს დისტანციურ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; პროფილაქტიკურ კვლევებს მოცდის პერიოდის გარეშე; კომფორტულ დისტანციურ მომსახურებებს, როგორებიცაა: ანაზღაურების, ელექტრონული მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა; ულიმიტო გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას 50% თანადაფინანსებით.
ახალი სერვისის დანერგვა აუქციონის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ს და იუსტიციის სახლის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სერვისის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესს, „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალური დირექტორი ნოდარ გელოვანი პირადად დააკვირდნენ.
იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდების კუთხით ქვეყანაში წამყვანი უწყებაა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვეული მაღალი ხარისხით ემსახურება.
მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს. დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს, ნათქვამია ინფორმაციაში.
დაზღვევა უცხოელთათვის
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.
სიახლე ძალაში 2024 წლის 1-ელ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციამ და სადაზღვევო კომპანიებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს რიგ საკითხებზე, მათ შორის სადაზღვევო პაკეტის მინიმალურ ღირებულებაზე.
დღეისათვის საქართველოში მოქმედებს მხოლოდ უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების დაზღვევა, თუ ისინი ქვეყანაში 15 დღეზე მეტ ხანს გაჩერდებიან.