გავლენას ვერ მოახდენს: „ოცნებაში“ „ევროპულ საქართველოში“ მომხდარი განხეთქილება შეაფასეს

გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადეს, რომ პარტიას ტოვებენ
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციაში გადაჯგუფებას მნიშვნელობა არ აქვს და პირდაპირ გავლენას არ მოახდენს საზოგადოების უმრავლესობაზე და ქვეყანაზე, - განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
წინა დღეს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადეს, რომ პარტიას ტოვებენ იმის გამო, რომ პარტიის რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ არჩეული კურსიდან გადახვევა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტიის დაფუძნება დააანონსა.
„ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დაშლილი, რამდენიმე ნაწილად და მათ შიგნით ხდება მუდმივი დუღილი დაპირისპირების, გადაჯგუფება-გადმოჯგუფების პროცესები. ეს არის, რაღაც ერთი შეკრული წრე, რომელიც საზოგადოების არც თუ ისე დიდი ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და აქედან გამომდინარე, მათ გადაადგილება-გადმოადგილებას, შიდა დუღილებს დიდი ზეგავლენა საზოგადოების დიდი ნაწილზე და ქვეყანაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბოკერია იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 2010 წლის ნოემბრიდან ბოკერია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, 2013 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2016 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა მის მიერ დაარსებული პარტია და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, 2021 წელს კი სათავეში ჩაუდგა მას.