წილოსანი: იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს მათ, ვინც ამაზე უარს იტყვის

მსგავსი ნორმა გათვალისწინებულია კანონში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც უარს იტყვიან ნებაყოფლობით რეგისტრაციას უცხოური ძალების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების რეგისტრაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს 2023 წელს უცხოური დაფინანსება წარმოადგენდა, 1 აგვისტოს დაიწყო. 120-ზე მეტმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და რეგისტრაციის გავლას.
„იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მსგავსი ნორმა გათვალისწინებულია თავად „გამჭვირვალობის“ კანონში.
„კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში“, - განაცხადა წლოსანმა.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
რეესტრში რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არგავლა არ ზღუდავს იმ იურიდიულ პირთა საქმიანობას, რომელსაც ეხება, არამედ მხოლოდ ავალდებულებს ყოველ იანვარს შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
კანონის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.