მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია

Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. 63,5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა.
ლაშა გურულმა ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაძაბულ ნრძოლაში ანგარიშით 3:2 მოუგო.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. სამივე მედალი ჩვენს ქვეყანას ძიუდოისტებმა მოუტანეს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ვერცხლის მედალი ცოტა ხნის წინ მოიპოვა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემაც, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს ვერ აჯობა.