თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბრალდებულები, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების სახლში და გაუსწორდნენ მათ და მათ სტუმარს. სამივემ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
ერთი მათგანი მეორე დღეს დააკავეს და მას ორის ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ 6 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.