თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა, ის ჯერ კიდევ გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც დაგვიანდა ქართველი ოლიმპიელებიც მისალოცი წერილის გამოქვეყნება, იტყობინება პარტიის პრესსამსახური.
ივანიშვილს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდასტურდა.
„ამჟამად ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
რაც შეეხება ოლიმპიელების მილოცვას, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ სპორტსმენებს კიდევ ბევრი გამარჯვება აქვთ წინ.
„წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”, – ნათქვამია ივანიშვილის მისალოც წერილში.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლი მოიპოვეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 250 ათას ლარს.