საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორების რეესტრს შექმნიან

დონორების რეესტრი ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იქმნება
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია ღეროვანი უჯრედების დონორების რეესტრის ნაწილს მის საწყის ეტაპზე დააფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
დონორების რეესტრის შექმნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის ახალი წესები ამოქმედდა.
„საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად, მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ღეროვანი უჯრედების რეესტრის შექმნა ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს“, - განაცხადა კალაძემ.
დონორების რეესტრი ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იქმნება.
დონორობის წესები
2023 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა „ორგანოთა გადანერგვის შესახებ" განახლებული კანონი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში აღნიშნული საკითხისადმი მიდგომის გადახედვას. ის ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა.
ახალი წესების მიხედვით, ორგანოების გადანერგვის მომლოდინე პირები რიგში უფასოდ უნდა დარეგისტრირდნენ, რათა ორგანოებზე წვდომა ჰქონდეთ. რიგითობის შეცვლა მომლოდინე პირებს შორის აკრძალული იქნება.
ორგანოთა დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უფასო, დონორობაზე თანხმობის მიცემა შეუძლია მხოლოდ ქმედუნარიან და ზრდასრულ ადამიანს.
ორგანოთა გადანერგვა, როგორც ადრე, შესაძლებელი იქნება ცოცხალი დონორისგან და გარდაცვლილისგან.
ამასთან, ცოცხალი ადამიანისგან დონორობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: დონორი არის საქართველოს ქმედუნარიანი და სრულწლოვანი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, ასევე უცხოელი – საქართველოს მოქალაქის ნათესავი.
დონორი აუცილებლად უნდა იყოს იმ ადამიანის ნათესავი, რომელსაც ის აძლევს ორგანოს, ან უნდა იყოს მჭიდრო ემოციურ კავშირში მასთან.
უჯრედული დონაციის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უჯრედული დონაციის პროგრამის სხვა მონაწილე პირები, თუ დონორები ვერ გახდებიან ნათესავები ან მეგობრები.
რისთვის შეიქმნა რეესტრი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ადამიანის ორგანიზმში ჯანსაღი სისხლწარმომქმნელი უჯრედების შეყვანა დაზიანებული ან დაავადებული უჯრედების ჩასანაცვლებლად გამოიყენება ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა:
აპლასტიკური ანემიის მძიმე ფორმები;
სისხლის სიმსივნური დაავადებები,
სისხლის არასიმსივნური დაავადებები სისხლისწარმოქმნის პროცესის დარღვევით;
იმუნური სისტემის სერიოზული დაზიანება;
გენეტიკური და აუტოიმუნური დაავადებები.