თბილისი, 1 აგვისტოს — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ პირს. შედეგად დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 31 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დააკავა.
31 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.