თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა, – იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ევროპაში, სპარსეთის ყურეში, აფრიკასა და სხვ.
უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
„სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს“, - აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან.
„ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია „იან დე ნული“, რომელიც სატენდერო კომისიამ, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაუგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით.
„ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია.
პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე პრეტენდენტები იყვნენ შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები შევიდა მხოლოდ კონსორციუმისგან China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte.
ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად გამოცხადდა და სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში განაცხადი ანაკლიის პორტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე სამმა კომპანიამ წარადგინა.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, 2023 წელს დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად ერთობლივ კომპანიას შექმნის, რომელშიც სახელმწიფოს 2ილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანიის მიზანი პორტის განვითარება იქნება.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს - ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გატარების რესურსი.