როდის შეძლებენ მოპედები ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას?

თბილისში მოპედებს ძირითადად კურიერები იყენებენ, ამიტომ აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების დროის შემცირება უსაფრთხო პირობებში.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და A კატეგორიის ტაქსებთან ერთად მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანა რიგ კანონებში, მათ შორის კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში". ისინი ძალაში შევიდა და ახლა თითოეული მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი მათ ტერიტორიაზე.
„მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მოპედებსა და მოტოციკლებს შეეძლებათ გადაადგილება სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე, მაგრამ არ შეეძლებათ გაჩერდნენ მგზავრების ასაყვანად ან ჩამოსასმელად.
თბილისში მოპედებს ძირითადად კურიერები იყენებენ, ამიტომ აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების დროის შემცირება უსაფრთხო პირობებში.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში კი 2023 წლის 1-ლი აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.