პარიზი 2024: ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილის დამარცხების შემდეგ, ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური სანშირო მურაოს აქამდე სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა.
ლაშა ბექაური არის 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი. კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, კადეტთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, იუნიორთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის თასის ეტაპების პრიზიორი.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია. ვერცხლის მედალი 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.