თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. კანონპროექტი MEGOBARI, რომელშიც საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, შეიცავს პირდაპირი ფორმით შანტაჟს და არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence) ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დააინიცირა. ინგლისურიდან იგი ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
„სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის - MEGOBARI-ის შინაარსს, ეს არის არა „მეგობარი აქტი“, არამედ ეს არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი“. ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი შეიცავს პირდაპირი ფორმით შანტაჟს. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი“ და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი", - განაცხადა კობახიძემ.
ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამი-ოთხი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობები ძალიან გაუარესდა, აღნიშნა კობახიძემ.
„ამ ფონზე, ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები ურთიერთობების გადასატვირთად, ჩვენ ველით სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს“, - დასძინა მან.
რაც შეეხება სანქციებს, ამაზე საუბარი, კობახიძის თქმით, კონტრპროდუქტიულია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს შემხვედრ ნაბიჯად.
„შანტაჟის და მუქარის ნაცვლად, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას სანქციების მოლოდინი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს თემა არ აინტერესებს.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
2024 წლის ივნისიდან კი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
30 მაისს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ყველა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სკანდალური კანონის მიღებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით.