თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 28-დან 35 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.