თბილისი, 30 ივლის — Sputnik. პარიზის არბიტრაჟი, რომელიც 2020 წლიდან განიხილავდა კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა" და საქართველოს მთავრობას შორის დავას, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" არბიტრაჟის გზით მოითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, რომელიც, მათი თქმით, 1 მილიარდ დოლარს აღემატება და შეთანხმების აღდგენას, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გაუზიარა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა", - განაცხადა ბრეგაძემ.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლები და იმ პერიოდში ხელმძღვანელები, ასევე გამოდიოდნენ როგორც კონსორციუმის დამფუძნებლები.
რა მოხდა კონტრაქტთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო, მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.
შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.
მთავარი საკითხი, რომლის გადაჭრაც მხარეებმა ვერ შეძლეს, იყო ინვესტორების მიერ მოზიდული სესხების დაბრუნების სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა.
კონსორციუმი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა პირობას და მთავრობას არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
კონსორციუმი ირწმუნება, რომ სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო ვერ დაასრულა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში.