თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 8,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 11,2%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 22,1,%-ით.
2024 წლის ივნისში გასულ წლის მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 2,2%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 14,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი ფასები გაიზარდა 4,7%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 24,5%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11,3%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 36,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 1,8%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,7%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის ივნისში 2,2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). 2024 წლის ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა.