ოლიმპიადა - 2024: საქართველოს ნაკრების ასპარეზობის მესამე დღის შედეგები

ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ორშაბათს, 29 ივლისს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს, ქართველი სპორტსმენები მედლების გარეშე დარჩნენ.
ოლიმპიადის მესამე დღეს მედლების 19 კომპლექტი სპორტის 11 სახეობაში გათამაშდება: მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი, ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, სკეიტბორდინგი, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, ცხენოსნობა და დაივინგი.
კრივი
ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა (-63,5 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ააზრბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
ლაშა გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას 1-ელ აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება - გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მოკრივე ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.
გურული არის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2021, 2023), ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2023), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2022), საერთაშორისო და ეროვნული სამოყვარულო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.
ძიუდო
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.
გუშინ, ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილიც (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან სამი ოლიმპიურ ტურნირს მასპინძლებთან, ფრანგ სპორტსმენებთან დამარცხების გამო გამოეთიშა.
ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.