თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ის დონეზე დარჩა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში 8%-მდე შემცირდა.
„რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს", - ნათქვამია განცხადებაში
უწყების განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება, რაც როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების შედეგია. ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1,4% შეადგინა.
მარეგულირებლის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება - ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო", - აღნიშნულია განცხადებაში.
სებ-ის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1,9% იქნება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება.