თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კვირას, 28 ივლისს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს, ქართველი სპორტსმენები მედლების გარეშე დარჩნენ.
ოლიმპიადის მეორე დღეს მედლების 13 კომპლექტი სპორტის ცხრა სახეობაში გათამაშდა: მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი , ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, სკეიტბორდინგი, ცურვა.
ძიუდო
ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ძიუდოს ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი შეხვედრაში ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით დამარცხდა.
მარგველაშვილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის (2016,2017) ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორია.
ცურვა
პარიზის ოლიმპიადაზე საკუთარი ძალები მოსინჯა 18 წლის ნოე ფანცხავამ, რომელმაც 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა. ქართველმა მოცურაემ საკვალიფიკაციოში 46 მონაწილიდან 41-ე ადგილი დაიკავა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
კრივი
92 კგ-მდე წონაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი მერვედფინალში ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.
ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ოლიმპიადის ორი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.