თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორშაბათს, 29 ივლისს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მესამე დღეს მედლების 19 კომპლექტი სპორტის 11 სახეობაში გათამაშდება: მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა კანოეთი, ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, სკეიტბორდინგი, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, ცხენოსნობა და დაივინგი.
ძიუდო
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. შავდათუაშვილი პირველ წრეში ფრანგ ჟოან ბენჟამინ გაბას შეხვდება - ორთაბრძოლა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაში შავდათუაშვილი მეორე ეტაპზე ტანზანიელ და ტონგელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შავდათუაშვილი არის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდურ და ინდივიდუალურ ჩათვლაში.
ორშაბათს ტატამზე გამოვა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი. იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლილი ნაირნის დაუპირისპირდება.
კრივი
ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ქართველი მოკრივე ლაშა გურული (-63,5 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ჩაატარებს.
გურულის მეტოქე აზრბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება - ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:48 საათზე დაიწყება.