თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, დამატებით დროში შავდათუაშვილის მარცხით დასრულდა.
შავდათუაშვილი არის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდურ და ინდივიდუალურ ჩათვლაში.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.