თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ რაღაც დასამალი, ებრძვიან გამჭვირვალობას საქართველოში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ ბოლო კვლევის კომენტირებისას.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ წარმოადგინა კვლევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, ანუ 17%-ს აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული.
„გამჭვირვალობას საქართველოში ებრძვიან ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად არ არიან გამჭვირვალე და როგორც ჩანს, რომელთაც ძალიან ეშინიათ, რომ გახდნენ გამჭვირვალე. ეშინათ იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში ინფორმირებული მოქალაქის შიში აქვთ და აქედან არის განპირობებული მათი ამგვარი პანიკური ქმედება... როგორც ჩანს მათ ძალიან ბევრი რამე აქვთ დასამალი", - განაცხადა იონათამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები და განცხადებები ადასტურებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი.
სკანდაკური კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეიტანეს. კანონის გასაჩივრებას გეგმავს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივლისს შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, აშშ-მ შემოიღო სავიზო შეზღუდვები და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო გაყყინა. ნატოს სამიტის შემდეგ განცხადებაში კი არ იყო ნათქვამი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ქართული ოცნების" კვლევა გამჭვირვალობის თაობაზე
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. მისი განცხადებით, კვლევის შედეგები გახდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება არ არის გამჭვირვალე და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო აუცილებელი.
15 ივლისს მმართველმა პარტიამ გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც სკანდალური კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებმაც 8 აპრილს ხელი მოაწერეს კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.