ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ამ დროისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რადგან ამაზე ევროკავშირის ლიდერები 27 ივნისს შეთანხმდნენ, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია „2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე". შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
„შეხვედრაზე ევროკომისიის დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს, რომელიც დე-ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს", - განაცხადა რუისმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება ჩვენ ვაკვირდებით, როგორ განვითარდება ეს არჩევნები, რათა მერე შევაფასოთ“, - განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა..
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაცია მუშაობს იმისთვის, რომ საქართველომ არა მხოლოდ შეასრულოს ცხრა ნაბიჯი, არამედ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და არის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.