თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი შეხვედრაში ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით დამარცხდა.
მარგველაშვილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის (2016,2017) ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორია.
დღეს საკუთარი ძალები მოსინჯა 18 წლის ნოე ფანცხავამ, რომელმაც 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა. ქართველმა მოცურაემ საკვალიფიკაციოში 46 მონაწილიდან 41-ე ადგილი დაიკავა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.