„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: საკონსტიტუციო სასამართლოში 32 დეპუტატის სარჩელი შედის

სკანდაკური კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პირველად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის სარჩელი 29 ივლისს შევა, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის 32-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წილააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერა. მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 120-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერების და შემდგომ მისი გაუქმების მოთხოვნით შეიტანა სარჩელი. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ სარჩელებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
სკანდაკური კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პირველად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა - კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებთან: „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, „გაერთიანებების თავისუფლება“, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“, „აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები“, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ და კონსტიტუციის ნორმასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“ და მოითხოვს აღიარებას, რომ კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმძღვანელობით.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.