საჩხერეში 18 წლის ბიჭი მოკლეს: ბრალდება არასრულწლოვანს წარედგინა

რა გახდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში .
გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში არსებულ საფეხბურთო მოედანზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 18 წლის ახალგაზრდას დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.