თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქართველი სპორტსმენების გამოსვლები პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შაბათს, 27 ივლისს დაიწყება, როდესაც მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდება.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია საფრანგეთის დედაქალაქში 26 ივლისს გაიმართა. 16 დღეში სპორტის 32 სახეობაში მედლების 329 კომპლექტი გათამაშდება. შაბათს მედლების მფლობელები სპორტის რვა სახეობის 14 პროგრამაში გამოვლინდებიან - სროლა, წყალში ხტომა, ველოსპორტი, ძიუდო, ცურვა, ფარიკაობა, სკეიტბორდინგი და რაგბი-7.
„ჩვენი სპორტსმენები მზად არიან, რომ საუკეთესო შედეგები აჩვენონ“, - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ქართული ოლიმპიური დელეგაციის თავკაცმა ლერი ხაბელოვმა.
პირველი იბრძოლებს მედლისთვის ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) - თბილისის დროით 12:00 საათზე.
13:00 საათზე ანა ნიჟარაძე მონაწილეობას მიიღებს საკვალიფიკაციო გაცურვაში (ბატერფლაი, 100 მ). წარმატების შემთხვევაში ის მოხვდება ნახევარფინალში, რომელიც ასევე შაბათს გაიმართება.
14:30 საათზე იასპარეზებს საქართველოს ნაკრების მედროშე, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი და 1988 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე. შაბათს ის მონაწილეობას მიიღებს 10-მეტრიან დისტანციიდან სროლაში პნევმატური პისტოლეტიდან (კვალიფიკაცია). ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც მეათე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს.
15:45 საათზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იასპარეზებს.
22:48 საათზე მოკრივე ლაშა გურული (-63,5 კგ) 1/16 ფინალში გამოვა. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ბრძოლა ორი დღის შემდეგ გაიმართება.
ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).