თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ავსტრიაში საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განკარგულება როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
„ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს მოაწერა ხელი.
ციხელაშვილმა ავსტრიაში ელჩის პოსტი 2020 წელს დაიკავა. მანამდე ის ოთხი წლის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ევროკავშირში საქართველოს ელჩების თემა აქტუალური გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე.
მაისში საქართველოს ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს პარტნიორებთან ურთიერთობაში არსებული სირთულეების გამო, რომელიც წარმოიშვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ფონზე.
საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და დიპლომატიურ უწყებას, რომელშიც მუშაობდა.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულიდან გაუარესდა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.