ოლიმპიადა-2024: საქართველოს ნაკრები თამაშების პირველ დღეს მედლების გარეშე დარჩა

ქართველმა სპორტსმენებმა ოთხ დისციპლინაში იასპარეზეს: ფარიკაობა, ძიუდო, ცურვა და სროლა
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარუმატებელი დღე იყო - ქართველმა სპორტსმენებმა ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს.
დღეს გათამაშდა მედლების 14 კომპლექტი სპორტის შემდეგ სახეობებში: სროლა, წყალში ხტომა, ველოსპორტი, ძიუდო, ცურვა, ფარიკაობა, სკეიტბორდინგი და რაგბი-7. ქართველმა სპორტსმენებმა ოთხ დისციპლინაში იასპარეზეს.
ფარიკაობა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ჩათვალა, რომ მსაჯების მხრიდან ადგილი ჰქონდა უსამართლობას და საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.
ცურვა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ქალთა შორის საკვალიფიკაციო გაცურვაში (ბატერფლაი, 100 მ) 28-ე ადგილი დაიკავა (31 სპორტსმენს შორის).
სროლა
ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო სროლაში პნევმატური პისტოლეტიდან (10 მეტრიანი დისტანციიდან) 38-ე ადგილი დაიკავა. ფინალში საუკეთესო 8 სპორტსმენი გავიდა. ნინო სალუქვაძე 2 აგვისტოს პისტოლეტით 25-მეტრიდან სროლაშიც იასპარეზებს. სამგზის ოლიმპიური პრიზიორისა და 1988 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსნისთვის ეს კარიერაში მეათე ოლიმპიადაა.
ძიუდო
ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
პირველ ბრძოლაში სარდალაშვილმა იამ ვოლჩაკი (ისრაელი) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში თურქთან სალიჰ ილდიზთან წააგო. რეპეშაჟში კი გიორგიმ კორეელი კიმი იპონით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტი მედლის გარეშე დარჩა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).