თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალი რეიტინგი კონსტიტუციის პატივისცემის ინდექსში მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე დემოკრატიის კუთხით, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველო კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. რეიტინგი გამოაქვეყნა გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-Dem).
„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით თვალსაჩინო და ხელშესახები პროგრესია, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება არის დაცული, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და ქვეყანაში დაცულია პოლიტიკური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალი რეიტინგი მოწმობს, რომ საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა არის პლურალისტური, ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი არის კარგად ასახული და დაცული.
„ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას განვითარების მყარი და საბაზისო საფუძვლების გააჩნია.“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველომ შესაძლო 4-დან 2,86 ქულა დააგროვა და კონსტიტუციის პატივისცემის ინდექსში 45-ე ადგილი დაიკავა.
მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის პატივისცემის ინდექსი განისაზღვრება როგორც „აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა“.
2012 წელს საქართველო 93-ე ადგილზე იყო მსოფლიოში მთავრობის მიერ კონსტიტუციის დაცვით, ხოლო მომდევნო 11 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 48 ადგილით დაწინაურდა.