თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ქართველ სპორტსმენებს აქვთ ყველა სასტარტო საფუძველი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოიპოვონ 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე გაემგზავრა პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, სადაც საქართველოდან 29 სპორტსმენი 10 სახეობაში იასპარეზებს. საქართველომ პირველად მიიღო შერეულ გუნდურ შეჯიბრებებში ასპარეზობის ლიცენზია, რომელშიც მამაკაცები და ქალები ექვს წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
„დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში, 26 კარგად გვაქვს დაცდილი აქედან გამომდინარე ძალიან დიდი იმედი გაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს.
„რომ გადახედოთ შემადგენლობას გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენი სპორტსმენების, რომელიც ჩამოვიდნენ პარიზში, აქედან გამომდინარე ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 10500 სპორტსმენი მიიღებს. გათამაშდება მედლების 329 კომპლექტი სპორტის 32 სახეობაში - 28 ძირითადი და ოთხი დამატებითი (სერფინგი, სკეიტბორდინგი, ბრეიქდანსინგი და სპორტული ცოცვა).
საქართველომ სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ლიცენზიები:
თავისუფალი ჭიდაობა: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რამაზ ზოიძე, რობერტ კობიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფია სომხიშვილი.
გარდა ამისა, საქართველომ პირველად მოიპოვა გუნდური ლიცენზია ძიუდოში. ქალთა და კაცთა შერეულ ნაკრებში ექვსი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შედიან.
ძალოსნობა: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივი: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი;
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე;
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა;
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე;
ცურვა: ანა ნიჟარაძე და ნოე ფანცხავა;
მძლეოსნობა: ლიკა ხარჩილავა (რბენა 100 მ).