თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. 11 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა 200 ათასი აბონენტისთვის, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
სოფლების გაზიფიცირება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტებია. დღეს ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ბუნებრივი აირით არის უზრუნველყოფილი.
„2013-24 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური მუშაობით, ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობა 199.250 (200.000 მდე აბონენტმა) აბონენტმა შეძლო“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული.
2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმა დამატებით 396 დასახლებულ პუნქტში კიდევ 56.836 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს.