თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთისკენ ფეხით გადადიოდნენ. ახალგაზრდები ახლობლებს ბოლოჯერ ორშაბათს დაუკავშირდნენ.
უწყების ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლენტეხში. კვირას გავიდნენ და ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ გზას აცდენენ... ამის შემდეგ მათი კვალი ქრება", - აცხადებს ადგილობრივი ვიკა ფილფანი.
ადგილობრივები და დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.